დაინიშნოს გამოცდები და შეიცვალოს დირექტორის არჩევის წესი - სკოლის ლიდერთა ასოციაცია

"დირექტორები აირჩიოს არა სამეურვეო საბჭომ, არამედ სკოლის მთლიანმა შემადგენლობამ,  ახალი სასწავლო წლისთვის ყველა სკოლას უნდა ჰყავდეს არჩეული დირექტორი, - ამ განცხადებით მიმართავს სკოლის ლიდერთა ასოციაცია განათლების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს. 

დაინიშნოს გამოცდები და შეიცვალოს დირექტორის არჩევის წესი - სკოლის ლიდერთა ასოციაცია
როგორც ასოციაციაში აცხადებენ, სახელმწიფოში უნდა ხორციელდებოდეს ერთიანი საგანმანათლებლო პოლიტიკა და ამას ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი. 

"სკოლის არჩეულმა დირექტორმა მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს ის ხედვა, თუ საით მიყავს სკოლა, მაქსიმალურად უნდა ჩართოს მშობლები, თანამშრომლები საგანმანათლებლო იდეების განხორციელებაში და შეუქმნას ისეთი სამუშაო გარემო, სადაც ისინი შეძლებენ, ბოლომდე დაიხარჯონ სკოლის ეფექტური მუშაობისთვის.
სწორედ ასე იგრძნობს თითოეული ამომრჩეველი პასუხისმგებლობას დირექტორის არჩევაში და ამით მაქსიმალურად გაძლიერდება ურთიერთობის ხარისხი სკოლაში.

ვფიქრობთ, საკამათო არ არის, რომ სახელმწიფოში უნდა ხორციელდებოდეს ერთიანი საგანმანათლებლო პოლიტიკა და ამას ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი. დირექტორთა შერჩევა კონკურსის წესით და მათი არჩევა სასკოლო საზოგადოების მიერ ამ პოლიტიკის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად უნდა იქცეს. მიგვაჩნია, რომ ახალი სასწავლო წლისთვის ყველა სკოლას უნდა ჰყავდეს არჩეული დირექტორი, რომელიც ხელს შეუწყობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას, დასახავს სკოლის გრძელვადიან მიზნებს, გაატარებს სწორ საკადრო პოლიტიკასა და უფლება-მოვალეობების დელეგირებას. ვფიქრობთ, ასეთი დირექტორი (მენეჯერი) შეძლებს თვალი გაუსწოროს დღევანდელობით გამოწვეულ ცვლილებებს, გაატარებს ყველა პრევენციულ და კორექციულ ღონისძიებებს და ნამდვილად მოახერხებს სკოლა ნაბიჯ-ნაბიჯ გაიყვანოს საუკეთესო შედეგებამდე -როცა განათლება რეალურ ღირებულებად იქცევა, ხოლო ცოდნა და შრომა ცხოვრებაში დამკვიდრების ერთადერთ საშუალებად.

ამიტომაც მიგვაჩნია, რომ დროულად და ობიექტურად უნდა ჩატარდეს სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდები და მათი არჩევა სასკოლო საზოგადოების მიერ, დირექტორის ნდობის მანდატის გასაზრდელად. ეს იქნება პროფესიონალიზმის გამორჩევა და დაფასება, გათანაბრების მანკიერი პრაქტიკის მოშლა. - ნათქვამია განცხადებაში.