"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

"საქართველოს ბანკის" ფილალზე თავდასხმისა და მოქალაქეების მძევლად აყვანის ფაქტზე ნიკა წურწუმიას აღმკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. 
ბრალდებულის ადვოკატი მისთვის 30 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 
პროცესზე ბრალდებული მცირე სიტყვით გამოვიდა ბრალდებული ნიკოლოზ წურწუმია.
„დიახ, დამნაშავედ ვცნობ ჩემს თავს, რომ გავაკეთე…ამ ადამიანებს ბოდიშს ვუხდი, რომ ჩემ გამო შეშინდნენ, სხვა არაფერი გზა იყო იქიდან გამომდინარე, რა განახორციელა ხათუნა გახოკიამ“, – აღნიშნა ბრალდებულმა.
პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. წინასასამართლო სხდომა 7 ივნისს 11:00 საათზე გაიმართება.
ნიკოლოზ წურწუმიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულოს ორგანიზაცია და პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ჩადენილი ორი და მეტი პირის მიმართ, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.