წურწუმიას იარაღის ნაწილში ბრალს არ წარუდგენენ

წურწუმიას იარაღის ნაწილში ბრალს არ წარუდგენენ
თბილისში, ავლაბრის მეტროსთან, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი ნიკოლოზ წურწუმია ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული არ ყოფილა და სავარაუდოდ, იარაღის ნაწილში ბრალს არ წარუდგენენ, – ამის შესახებ დროებითი მოთავსების იზოლატორში დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ, ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატმა, გიორგი ბარდაველიძემ განაცხადა.
ადვოკატის მტკიცებით, იარაღი, რომელიც თავდასხმის მომენტში წურწუმიას ჰქონდა, პნევმატურია და არა ცეცხლსასროლი.
რაც შეეხება თავდასხმის მოტივს, ადვოკატი ამბობს, რომ გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, ბანკში შესვლა წურწუმიამ პროტესტის უკიდურესი გამოხატვის მიზნით გადაწყვიტა და შესაბამისად, მძევლების აყვანის პერიოდში, არანაირი მოთხოვნა არ ჰქონია. ეს გარემოებები კი, ადვოკატის თქმით, ახალი გამოძიების საფუძველს იძლევა და თუ კი გამოძიება დაიწყება თავდასხმის მოტივზე, ის დეტალურად სამომავლოდ ისაუბრებს.
გიორგი ბარდაველიძის თქმით, წურწუმია ამ მომენტისთვის დუმილის უფლებას იყენებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს. ბანკზე თავდამსხმელს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ დღეს, დღის მეორე ნახევარში წარუდგენენ.
თბილისში, დუშეთის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის” ფილიალში თავდამსხმელი გუშინ, დღის პირველ ნახევარში შეიჭრა და შვიდი ადამიანი მძევლად აიყვანა.